პარტიებმა „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ ერთობლივი პლატფორმის, „მონა.ჯის“ პრეზენტაცია გამართეს.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, აღნიშნული პლატფორმა დანაშაულებრივი სისტემისა და რუსეთის მსახურების საჯარო მხილების მექანიზმია.
მისივე თქმით, პლატფორმის მიზანია, რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების მხილება და მათი გასაჯაროვება, შემდგომში კი ამ ადამიანების ვინაობის ციფრულ ფორმატში შენახვა.
პარტია თვეში ერთხელ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს ვებგვერდზე მოხვედრილი ადამიანების სიას გაუგზავნის.
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პლატფორმის ერთ-ერთი მიზანი წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებაა, რადგან სწორედ ამ პერიოდში ხდება ხმების მოსყიდვა, შანტაჟი და არჩევნების გაყალბებისთვის მზადება.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაშინ როდესაც ყველა დღეს ფოკუსირებული არის არჩევნებისთვის მზადებაზე და უშუალოდ არჩევნების დღეზე, ჩვენ ჩავთვალეთ რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია დაკვირვება იმ პერიოდზე, რომელსაც ვეძახით წინასაარჩევნო პერიოდს. სინამდვილეში, არჩევნების გაყალბება, ხმების ყიდვა, შანტაჟი, ანტიდასავლური პროპაგანდა, ეს ყველაფერი ხდება ამ პერიოდში. ამიტომ, ჩვენ და "დროამ" შევქმენით პროექტი - Mona.ge", - ამბობს ჯაფარიძე.
პროექტის წარდგენას სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.