ყველას გვაქვს იმედი და ეს იმედი ყველასთვის ერთია, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ამას იმსახურებს ჩვენი ხალხი და სახელმწიფო. ანუ, გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და ის უსამართლობა, რაც უკვე ერთხელ მოხდა, ევროკავშირის მიერვე იქნება გასწორებული, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ კანდიდატის სტატუსზე საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება მოლოდინს, აქ პროგნოზი, რა თქმა უნდა, არ არის ადვილი. მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, პარლამენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერობით, ყველა რეკომენდაცია შესრულდა და იმპლემენტაცია უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ ამ პროცესს ბოლომდე მიყვანა სჭირდება. მაგრამ, ვთვლით, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ ეს სტატუსი ბოლოს და ბოლოს მოვიპოვოთ. მით უმეტეს, რომ ოფიციალურად არის აღიარებული, რომ ჩვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა აქვს. ევროპული პერსპექტივის ქონას ევროკავშირი ყველა ქვეყანას არ უღიარებს ხოლმე. ჩვენთვის ის აღიარებულია. ახლა გვჭირდება სტატუსი, რომ წინ ვიაროთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა წულუკიანმა.