ევროპული საქართველოს თავმდჯომარე, გიგა ბოკერია უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ნორმალურ ვითარებაში უნგრეთის პრემიერის ჩამოსვლა კარგი ამბავიც იქნებოდა, რა შეხედულებაც არ უნდა არსებობდეს მასზე, თუმცა პრობლემა ახლა ის არის, რომ ამ რეჟიმს მხოლოდ ამ ლიდერთან აქვს მსგავი ტიპის კომუნიკაცია.
მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმს მხოლოდ ორბანთან და ევროპარლამენტში მყოფ რამდენიმე ღიად პუტინისტურ წარმომადგენელთან აქვს ასეთი კავშირები, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს.
„ასევე დიდი პრობლემაა, თუ რისთვის იყენებს ღარიბაშვილი ამ ტიპის შეხვედრებს. ის ამას მხოლოდ ქვეყნის შიგნით პიარისთვის იყენებს, რომ თითქოს არ არის მიტოვებული და რაღაც დიდი ევროპული დისკუსიის მონაწილეა ორბანთან ერთად.
ღარიბაშვილი სიტყვას არ ძრავს იმ საკითხებზე, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და რბილად რომ ვთქვათ, უნგრეთის პრემიერს ჩვენთვის არასასურველი პოზიცია აქვს, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ მყარი პოზიციის დაკავებასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე. ანუ ის ხალხის მოტყუებას ცდილობს და სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს,“ - თქვა გიგა ბოკერიამ.