შემიძლია, გახსნილად ვთქვა, ჩვენ ვუშვებთ, რომ შეიძლება, მოხდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი კენჭისყრის შედეგად, მე, პირადად, ამის მოლოდინი მაქვს, – ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
„საკონსტიტუციო სასამართლო თუ დაადასტურებს, რომ კონსტიტუციის დარღვევას ადგილი აქვს, რაც არ უნდა ოპოზიციურად განწყობილი და რაც არ უნდა ლოიალურად იყო განწყობილი პრეზიდენტის მიმართ პერსონალურად, რასაკვირველია, საზოგადოებისთვის ძალიან ძნელად ასახსნელი იქნება, რომ მე არ მივეცი ხმა იმპიჩმენტს, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის დარღვევა დადგინდა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციაში იქნება რაღაც ნაწილი, რომელსაც შეიძლება, კონსტიტუციის დარღვევა მნიშვნელოვან ფაქტორად მიაჩნდეს და ამის გამო გადადგას ნაბიჯი, თუმცა შესაძლოა, არავინ არ აღმოჩნდეს ასეთი, ვინც შეიძლება, იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა პასუხის გაცემას მოითხოვდა.
„ჩვენი მხრიდან ეს პასუხის გაცემას მოითხოვდა, თუნდაც იმ ნეგატიური ფაქტორის გათვალისწინებით, რომ შეიძლება, ხვალ და ზეგ ვინმემ ჩათვალოს, აგერ საკონსტიტუციო სასამართლომ კი დაადასტურა, მაგრამ ოპოზიციაში თუ გყავს მეგობრები საჭირო რაოდენობის, რომელიც უზრუნველყოფს, რომ უმრავლესობამ ვერ მიიღოს გადაწყვეტილება იმპიჩმენტის შესახებ, ამის შიშით არ ივარგებს, ჩვენ რეაგირების გარეშე დავტოვოთ კონსტიტუციის ნებისმიერი დარღვევა. პირიქით, ჩვენ მკაფიოდ ვაჩვენებთ ამომრჩეველს და, სხვათა შორის, საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ ჩვენი მხრიდან სამართლის უზენაესობა მნიშვნელოვანი ღირებულებაა და ჩვენ არ შევეგუებით მმართველობის ისეთ პრინციპებს, რომლებიც არათავსებადია საქართველოს კონსტიტუციასთან“, – განაცხადა სარჯველაძემ.