აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრიფინგზე განცხადება გააკეთა. მან ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ბოროტების აშკარა აქტი უწოდა.
„არავის შეეპაროს ეჭვი. შეერთებული შტატები მხარს უჭერს ისრაელს. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ დემოკრატიულმა ისრაელმა შეძლოს თავის დაცვა დღეს, ხვალ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით. ვინც ფიქრობს ისარგებლოს შექმნილი მდგომარეობით, მე ვეტყვი ერთ რამეს: არ გააკეთოთ ეს. ჰამასი არ იცავს პალესტინელ ხალხს, ისინი იყენებენ პალესტინელებს ცოცხალ ფარად."
აშშ-ს პრეზიდენტმა ისაუბრა თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ მებრძოლების მიერ ჩადენილ ძალადობაზე: „მშობლები დახოცეს, როდესაც ისინი თავიანთ შვილებს სხეულებით იცავდნენ... ჩვილებს კლავდნენ... ქალებს აუპატიურებდნენ და ყველას თვალწინ დაატარებდნენ, როგორც ნადავლს“, - განაცხადა ბაიდენმა.
„ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით, ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით“, - ხაზგასმით აღნიშნა ბაიდენმა და დასძინა, რომ ისრაელს ექნება ის, რაც მას სჭირდება თავდასხმაზე პასუხის გასაცემად.