უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც დაჯგუფება „ჰამასის“ უკან დგას.
ამის შესახებ ზელენსკიმ ბუქარესტში რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვინ დგას „ჰამასის“ უკან? მე ვფქრობ, რომ პასუხი საკმაოდ მარტივია: ის, ვინც მათ მხარს უჭერს. ჩვენ შეგვიძლია ეს ვნახოთ - მხარს უჭერს საჯაროდ, მხარს უჭერს იარაღით და ეს არ ხდება ერთი დღის განმავლობაში, ეს გრძელდება დიდხანს.
მე ვფიქრობ, რომ აქ შეიძლება იყოს კონკრეტული პასუხი, რომელიც თქვენვე შეგიძლიათ იპოვოთ. ასევე სოციალური ქსელების საშუალებით შეგიძლიათ ნახოთ, ვინ აძლევს შესაბამის სიგნალებს. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთი არის ერთ-ერთი მათგანი, ვინც დაეხმარა და დგას მსგავსი ნაბიჯების უკან,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
მანამდე ზელენსკიმ ნატო-ს ტერორიზმთან საბრძოლველად გაერთიანებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „ჰამასის“ ტაქტიკა ისრაელში იგივეა, რაც რუსეთის ტაქტიკა, რომელსაც ის იყენებს უკრაინის წინააღმდეგ.