ისრაელის ძალებმა ღაზის საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი აღადგინეს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ხუთ სასაზღვრო ქალაქში მოკლულია 10-ზე მეტი ტერორისტი და ამჟამად არცერთ ქალაქში შეტაკებები აღარ მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა, დასახლებებში ტერორისტები ჯერ კიდევ იყვნენ დარჩენილი.
ჰაგარის ცნობით, ღაზის საზღვრის ის მონაკვეთები, რომლებიც „ჰამასის“ მებრძოლებმა გაარღვიეს, ფიზიკურად დაცული იქნება ჯავშანტექნიკით, ასევე საბრძოლო ვერტმფრენებითა და დრონებით.
მისივე თქმით, სამხედროებმა ღაზის სექტორთან საზღვარზე მდებარე 15 დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს და ეს პროცესი გრძელდება.
თავდასხმის დაწყებიდან ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 4 400-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.
ბოლო მონაცემებით, „ჰამასისი“ თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობა 700-ს აჭარბებს.