ნატო-ს რამდენიმე ქვეყანა უკრაინას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს მალე გაუგზავნის. ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ნატო-ს ქვეყნებმა უკრაინას უკვე გაუგზავნეს ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი. ასევე უკრაინა მალე მიიღებს F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს“, - განაცხადა ჯოანამ.
ამასთან, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ისაუბრა იმ ქვეყნების კოალიციის გაფართოებაზე, რომლებიც მზად არიან უკრაინას მიაწოდონ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები. „პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ კოალიციის გაფართოებაზე და გაღრმავებაზე, რათა უკრაინამ შეძლოს მეტი F-16-ის მიღება და მეტი პილოტის მომზადება. სანამ უკრაინელები მზად არიან იბრძოლონ ამ ომში ჩვენი თავისუფლებისთვის, ომისგან დაღლილობას ადგილი არ ექნება ჩვენს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში“, - განაცხადა მეტე ფრედერიკსენმა.