ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის განთავსება არის კიდევ ერთი დასტური, რომ რუსეთი უხეშად აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების შელახვას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას და ჩვენი ტერიტორიის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ
მისი თქმით, სამხედრო ბაზის განთავსება საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანამოქალაქეებისათვის.
“ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის განთავსებას აქვს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ორი ასპექტი. ერთი ის, რომ მცდარი და სამწუხაროდ ფუჭი გამოდგა წლების მანძილზე „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული თითქოს რაღაც პრობლემის დარეგულირებისადმი გადადგმული ნაბიჯები. ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ რუსეთი არ დაგიდევს არანაირ პლატფორმას, რომელიც არაერთხელ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ მათ მიმართ. ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის გაკეთება არის კიდევ ერთი დასტური, რომ რუსეთი უხეშად აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების შელახვას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპირებას და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას.
ოჩამჩირეში სამხედრო ბაზა ნამდვილად არ შედის არც ჩვენი, არც აფხაზი ხალხის მოქალაქეების ინტერესებში, მაგრამ არის მეორე საკითხი, რუსეთს კარგი ცხოვრების გამო არ მოუწია სამხედრო ბაზის გადმოტანა ოჩამჩირეში. მათ ძალიან უჭირთ იქ, სადაც აქამდე ჰყავდა ბაზირებული სამხედრო ფლოტი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მალე მათ მოუწევთ როგორც ოჩამჩირის სამხედრო ბაზის დატოვება, ასევე გუდაუთის სამხედრო ბაზის დატოვება, ცხინვალის და ახალგორის სამხედრო ბაზების დატოვება, რომლებსაც რუსები უკანონოდ ათავსებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე.
ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის განთავსება არის საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანამოქალაქეებისათვის, არის ძალიან უხერხული ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - უკრაინასთან, არის ხელისშეწყობა აგრესორი ქვეყნისადმი, რომელიც აბსოლუტურად ყველა ქვეყნის, ყველა ჩვენი მეგობრისთვის და პარტნიორისთვის არის დღეს აგრესორი.
მე მესმის, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს მოკლებულია ეფექტურ საშუალებებს, რომ შეეწინააღმდეგოს ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის განთავსებას, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არ არის საკმარისი ამ პრობლემასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რუსეთ-საქართველოს შორის არსებული რეალური პრობლემა გამქრალიყო დღის წესრიგიდან ჩვენი პარტნიორების, ჩვენი მეგობრების და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომელთა დიდი მხარდაჭერით არაღიარების პოლიტიკა ჯერ კიდევ წარმატებულია,“- განაცხადა დავით კირკიტაძემ.