მე ვიქნები იქ, სადაც იქნება ხალხის ინტერესი ასახული პოლიტიკაში, ეს არის პრინციპულად გადამწყვეტი ჩემთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა.
დღეს, ნიკა მელია მხარდამჭერებთან სასტუმრო „ბილტმორში“ შეხვედრას მართავს. შეკრებას პარტიის მენეჯმენტი არ ესწრება. შეხვედრაზე მივიდნენ სოფო ჯაფარიძე და ხატია დეკანოიძე.
„დღეს შევიკრიბეთ თანამოაზრეები, მეგობრები, რომლებსაც არა მარტო გვინდა უკეთესი სახელმწიფო და მომავალი, არამედ გვჯერა მომავლის, წარმატების, რომ გამარჯვება იქნება და ამაში საკუთარ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ, ქვეყნის გამარჯვების საქმეში. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა ამ ფორმატში შეკრება, სადაც ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ, პარტიაში შექმნილ, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო ვითარებაზე, ქვეყანაში შექმნილ მძიმე კრიზისულ ვითარებაზე და როგორ ვხედავთ ამის დაძლევის გზებს.
კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ თანამოაზრეებმა ერთად და არა – ორმა და ხუთმა ადამიანმა. ვხედავთ, რომ იმაზე მეტი თანამოაზრე მოვიდა, ვიდრე ველოდით და ძირითადად აქ არიან თბილისიდან თანამოაზრეები და მხოლოდ დაახლოებით 150 ადამიანი რეგიონებიდან. ვნახოთ, შევხედოთ, შეიძლება გახდეს საჭირო დამატებითი შეხვედრები სხვადასხვა ქალაქში, ეს ყველაფერი დამოკიდებულია შეხვედრის მიმდინარეობაზე და გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც მივიღებთ. მე ვიქნები იქ, სადაც იქნება ხალხის ინტერესი ასახული პოლიტიკაში, ეს არის პრინციპულად გადამწყვეტი ჩემთვის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.