ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა თავის 15 წლის ვაჟს - ადამს „ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის“ წოდება მიანიჭა.
ამის შესახებ კადიროვის მარჯვენა ხელმა, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა განაცხადა.
„დიდი სიამოვნებით ვულოცავ ჩემს ძვირფას ძმისშვილს... ადამ კადიროვს, უმაღლესი ჯილდოს - ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდების მინიჭებას“, - განაცხადა დელიმხანოვმა.
მან ადამ კადიროვს გამორჩეულად განათლებული, მრავალმხრივი და მიზანმიმართული ახალგაზრდა უწოდა. ასევე ხაზგასმით აღნიშნა მისი წარმატებები შერეულ ორთაბრძოლებსა და სროლაში.
მედიის ცნობით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდოა. მისი მინიჭების განკარგულებას ხელს აწერს ჩეჩნეთის ლიდერი. ამგვარად, რამზან კადიროვმა თავად მიანიჭა არასრულწლოვან შვილს გმირის წოდება. ამ ტიტულის პირველი მფლობელი რამზან კადიროვია, რომელმაც თავისი თავი თავადვე დააჯილდოვა.