მთავრობა პრეზიდენტისგან არის დასაცავი, რომ პრეზიდენტი არ შეიჭრას მის უფლებამოსილებებში მის დაუკითხავად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ჩვენ გვყავს პარლამენტი, რომელიც განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებას და გვყავს მთავრობა, რომელსაც აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომ საგარეო პოლიტიკა განახორციელოს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტისგან მთავრობა არის დასაცავი, რომ პრეზიდენტი არ შეიჭრას მის უფლებამოსილებებში მის დაუკითხავად და ამასთან გვაქვს ჩვენ დღეს საქმე. იმ შემთხვევაში, თუკი ეს შეჭრა პრეზიდენტს შეეძლება, როგორც ის დღეს ამას აკეთებს, გამოდის, რომ საგარეო ურთიერთობაში ჩვენ გვექნება ორი სახე - მთავრობა და პრეზიდენტი, რაც დაუშვებელია იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს წარმოდგენილი იმ პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც ადგენს მათ შორის პარლამენტი. შეუძლებელია, ჩვენ დავუშვათ ორსახოვნება საგარეო ურთიერთობაში ქვეყნის წარმომადგენლის მხრივ. ამიტომაც მთავრობა არის დასაცავი, ვინაიდან პრეზიდენტს აქვს ქვეყნის მეთაურის სტატუსი და მნიშვნელოვანია, არ შეიჭრას მთავრობისა თუ პარლამენტის ფუნქციებში. ამიტომ დაცვის ობიექტი მთავრობაა და არა პრეზიდენტი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.