ქართველ ხალხს ვეტყვი - განახორციელეთ რეფორმები და დარწმუნდით, რომ თქვენი რეფორმები ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დეკემბერში გაფართოების საკითხი ევროპული საბჭოს დღის წესრიგში დადგება და მათ შორის იქნება საქართველოს საკითხიც.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დეკემბერში გაფართოების საკითხს ევროპული საბჭოს დღის წესრიგში დავაყენებთ და [წევრი სახელმწიფოების] ლიდერების დონეზე გაფართოებაზე ყველა საკითხს განვიხილავთ, მათ შორის საქართველოსთვისაც”, - განაცხადა მიშელმა.
შარლ მიშელმა საქართველოში რეფორმების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, თუ რა არის მისი მთავარი მესიჯი.
“ამ კითხვას უკვე ვუპასუხე, მაგრამ ქართველ ხალხს ვეტყვი - რეფორმები. განახორციელეთ რეფორმები და დარწმუნდით, რომ თქვენი რეფორმები ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ეკონომიკური რეფორმები, კორუფციასთან ბრძოლის რეფორმები, სასამართლოს დამოუკიდებლობა - ეს არის პრიორიტეტი,” - განაცხადა მიშელმა.