თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოება გამოუტანს განაჩენს ყველა იმ ადამიანს და პოლიტიკურ პარტიას, ვისთვისაც საამაყოა ის ვითარება, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში იყო საქართველოში.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მიმდინარე პროცესზე სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის შესაბამისი განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
„არ ვიცნობ ამ ადამიანს და გამიჭირდება შეფასების გაკეთება, თუმცა ერთი რამ ცხადია: ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, 2012 წლამდე რა რეჟიმი იყო დამყარებული ქვეყანაში, როგორ წარიმართებოდა ყოველდღიური პოლიტიკური პროცესები, როგორი იყო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიური ყოფა. ნამდვილად არ მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას ის მძიმე ვითარება, რომელშიც მაშინდელი ხელისუფლება ამყოფებდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას - რა მდგომარეობა იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით, მედიის მიმართულებით, ბიზნესსექტორის მიმართ რა დამოკიდებულება იყო, როგორ ეპყრობოდნენ ციხეებში მსჯავრდებულებს. ეს თუ საამაყოა ამ ადამიანისთვის, განაჩენს, ვფიქრობ, საზოგადოება გამოუტანს ყველა ასეთ ადამიანს, ყველა პოლიტიკურ პარტიას თუ პოლიტიკოსს.
ბევრჯერ მითქვამს და მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ქვეყნის მთავრობამ, პოლიტიკურმა ძალამ იკადროს ის და აკადროს ქვეყნის მოსახლეობას, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იკადრა თავისი მმართველობის პერიოდში. უმძიმესი იყო ის 9-წლიანი მმართველობა. ამდენად, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სცემს შესაბამის პასუხს იმ სისხლიან რეჟიმს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება თავად საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს, თბილისის მერი ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევის ფაქტი ისედაც ნათელი იყო, თუმცა პროცედურა საკითხის სასამართლოში განხილვას, კითხვების დასმას და პასუხების გაცემას ითვალისწინებს.
„მე ვფიქრობ, რომ თავიდანვე ნათელი იყო ყველაფერი, თავიდანვე აშკარად იკვეთებოდა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, თუმცა პროცედურა ამას ითვალისწინებს და აუცილებელია, რომ მოხდეს განხილვა, დაისვას კითხვები და გაეცეს პასუხები. კიდევ ერთხელ დადასტურდა და გამოჩნდა, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, რაც ძალიან მძიმეა. ის პირველი უნდა იყოს, ვინც იცავს კონსტიტუციას, პატივს სცემს სახელმწიფოს, კანონებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ის კი პირველი გამოვიდა, ვინც არღვევს ამ ყველაფერს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.