საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტის წარმომდგენლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2019 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და მასთან მოლაპარაკებები გამართა.
ამის შესახებ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.
„პრეზიდენტმა გვთხოვა, გავაზიაროთ, რომ 2019 წლის სექტემბერში საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროში, გენერალური ასამბლეის დროს ლავროვს შეხვდა და მოლაპარაკებები გამართა. ეს პრეზიდენტმა გუტერეშისგან გაიგო ოფიციალური შეხვედრის დროს,“ -განაცხადა ჩუგოშვილმა პროცესზე.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამის პასუხად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი არასერიოზულია.
„რა შუაშია? სალომე ზურაბიშვილი ამას გიგზავნით, ერთი თემაა, მაგრამ თქვენ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არ თქვათ აქ. მართლა არასერიოზულია ეს ყველაფერი. ჩვენ ვსაუბრობთ სამართლებრივ საკითხებზე და აქ მიდის დემაგოგია“, – მიმართა კობახიძემ ჩუგოშვილს.