რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა.
შესაბამის შეთანხმებას რუსეთსა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმს შორის ხელი უკვე მოეწერა.
როგორც სეპარატისტების ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში უახლოეს პერიოდში განთავსდება.
„ჩვენი დღესასწაულის დღეს ჩვენთან შემოვიდა მცირე სარაკეტო ხომალდი. ეს არის ძალიან თანამედროვე ხომალდი სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და უახლოეს ხანებში ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტი იქნება“, – განაცხადა ბჟანიამ.
ამასთან, სეპარატისტების ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს დახმარებას და აფხაზ სპეციალისტებს შესაძლებლობას აძლევს რუსეთის სასწავლო დაწესებულებებში კვალიფიკაცია აიმაღლონ.
მისივე თქმით, „მოსკოვისა და სოხუმის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა მიმართულია რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე“.