ძალიან ბევრ საპარლამენტო მოწყობის ქვეყანას ჰყავს პრეზიდენიტი, რომელსაც აქვს შეზღუდული უფლებამოსილება, პასუხისმგებლობა, მაგრამ პირდაპირი წესით ირჩევს ხალხი. ანუ, რას ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები საპარლამენტო ქვეყნები არ არიან? აბსოლუტურად არასწორი შეხედულებაა. რაიმე მუხლი, დათქმა ამ კონსტიტუციაში არ არის ისეთი, რომ პრეზიდენტს რომ ახალი წესით აირჩევ, მის უფლებამოსილებაში, სტატუსში რაიმე შეიცვლება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live“ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ადამიანმა [სალომე ზურაბიშვილი] ცალსახად დაარღვია კონსტიტუცია და იმის ნაცვლად, რომ საწინააღმდეგო სამართლებრივი არგუმენტი მოიტანონ, ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ და თანაც არასერიოზულ განცხადებებს. ისრაელის პრეზიდენტს იმ გამოწვევების გამო, რაც ამ სახელმწიფოს აქვს, კონსტიტუციის მიხედვით, საერთოდ აკრძალული აქვს ქვეყნიდან გასვლა მთავრობის ნებართვის გარეშე, არათუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება. ეს არადემოკრატიულად, ტყვეობად არავის შეუფასებია და მოწონებულია ისრაელის კონსტიტუცია, როგორც ერთ-ერთი კარგი კონსტიტუცია. იმიტომ წერია ეს, რომ ქვეყნის წინაშე იმხელა გამოწვევებია, რომ ნებისმიერი კომუნიკაცია ქვეყნის გარეთ მთავრობის პოზიციასთან შეუთანხმებლად შესაძლებელია დამაზიანებელი იყოს“, - განმარტა მდინარაძემ.