პრეზიდენტს სურს, ევროპაზე და ევროინტეგრაციის წარმატებებზე მთავარი მესაკუთრე თვითონ იყოს. ეს არის მისი პოლიტიკური განაცხადი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
„ის ევროპაში ცხოვრობდა და ალბათ თვლის, რომ ევროპის თემა მას უფრო ეკუთვნის, ვიდრე დანარჩენ მოქალაქეებს თუ ხელისუფლების დანარჩენ შტოებს. მას სურს, ევროპაზე და ევროინტეგრაციის წარმატებებზე მთავარი მესაკუთრე თვითონ იყოს. ეს არის მისი პოლიტიკური განაცხადი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძის თქმით, პრეზიდენტს ამაზე პრეტენზია გაუჩნდა, მაგრამ ხელისუფლებას მისთვის ხელი არ შეუშლია.
„შეიძლება, იყო დელიკატური მინიშნებები საჯარო სივრცეში, გარკვეული პოლიტიკური გზავნილები, მაგრამ ჩვენ მისთვის ხელი არ შეგვიშლია. მთავრობა მაინც აძლევდა თანხმობებს პრეზიდენტს, მაგრამ ბოლოს მოხდა ის, რომ საქართველო როცა ყველაზე კრიტიკულ ეტაპზეა კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღების საკითხში, პრეზიდენტი როგორც საერთაშორისო არენაზე, ისე საქართველოში აკეთებს საჯარო განცხადებებს, სადაც პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს, ხელისუფლებას არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. ამბობს, რომ საქართველო ჯერჯერობით არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ხელისუფლება არ ასრულებს რეკომენდაციებს, თუმცა მე მაინც მიმაჩნია, მოდით, საქართველოს მივცეთ კანდიდატის სტატუსიო“, – განაცხადა თალაკვაძემ.