სუს-მა რამდენიმე დღის წინ რაც თქვა, ნახევარი უკვე გამართლდა, მეორე ნახევარი ამის შესრულებაა, რასაც არ დავუშვებთ. სახელმწიფო ასეთ დანაშაულებს ჩანასახშივე აღკვეთს, არ დავუშვებთ, საქართველოში მოხდეს ძალადობრივი და სისხლიანი რევოლუცია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე ვითომ კრიტიკული მედია და ოპოზიცია ღლიცინებდა, თუმცა უცებ, გუშინ გამოქვეყნებულმა ჩანაწერებმა ყველა ის დეტალი დაადასტურა, რაზეც სუს-ი საუბრობდა. ოპოზიცია ისე დაალაგებს ხოლმე მესიჯს, თითქოს ფაქტი არ მომხდარა. გუშინ ვნახეთ ჩვენი მეგობრის, პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის საელჩოს განცხადება, სადაც ეწერა, რომ „კანვასის“ წარმომადგენლებმა ტრენინგები ჩაატარეს ბავშვთა ონკოლოგიასა და ხანდაზმულთა ადვოკატირებასთან დაკავშირებით. ალბათ ამაზეც კომენტარი ზედმეტია. მგონი, მეგობრებმა თანასწორად უნდა გავუსწოროთ სიმართლეს თვალი და თუ ერთმანეთს თეთრზე შავს ვეტყვით, დამატებითი განმარტებები უნდა მოვთხოვოთ. ვის დარჩა შთაბეჭდილება, რომ ბავშვთა ონკოლოგიასა და ხანდაზმულთა ადვოკატირებაზე იყო საუბარი? რევოლუციებზე რომ იყო საუბარი, ამაში ხომ დავრწმუნდით? რამდენიმე დღის წინ რაც სუს-მა თქვა, იმის ნახევარი უკვე გამართლდა და სწორი იყო. მეორე ნახევარი ამის შესრულებაა, რასაც არ დავუშვებთ. სახელმწიფო ასეთ დანაშაულებს ჩანასახშივე აღკვეთს ხოლმე და არ დავუშვებთ, რომ საქართველოში მოხდეს ძალადობრივი და სისხლიანი რევოლუცია. ისმის ხოლმე კითხვა, მაშინ რატომ არ იჭერთ, რატომ გაუშვით ქვეყნის ფარგლებს გარეთ? ლაპარაკისთვის მსოფლიოში არავინ არავის იჭერს, ვიდრე განზრახვა მომზადების ეტაპზე მაინც არ გადავა. ადამიანებმა ყაჩაღობა რომ გადაწყვიტონ, ვიდრე იარაღს, ნიღაბს და ა.შ. არ შეიძენენ და მომზადების ეტაპზე არ გადავლენ, მანამდე ადამიანს ვერ დასჯი და დააკავებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.