საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ როცა სალომე ზურაბიშვილს საზღვარგარეთ ვიზიტზე მთავრობამ უარი განუცხადა, იმავე ქვეყნის წარმომადგენელს სალომე ზურაბიშვილი თბილისში შეხვდა, რაც მთავრობას სადავო არ გაუხდია.
მან სხდომაზე აღნიშნა, რომ მთავრობა სადავოს არ ხდის პრეზიდენტის შეუთანხმებელ შეხვედრებს ქვეყნის შიგნით, წერილებს თუ სატელეფონო კომუნიკაციებს.
"პრეზიდენტი ახორციელებს მთელ რიგ ურთიერთობებს, რომლებიც თავისი არსით არ საჭიროებენ მთავრობასთან შეთანხმებას, არ თანხმდებოდა არასდროს, არცერთ ეტაპზე არ გამხდარა სადავო, მათ შორის არ გაუხდია სადავო საქართველოს მთავრობას და მათ შორის ეს არ არის ასახული წარდგინებაში.
მაგალითად, იქნება საგარეო ურთიერთობის ფარგლებში სხვა სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრა ქვეყნის შიგნით, წერილის გაგზავნა, სატელეფონო თუ სხვაგვარი კომუნიკაცია. წარდგინების ავტორები კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევენ შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფო მეთაური ქვეყნის შიგნით ხვდება სხვა ქვეყნის მეთაურებსა თუ უმაღლესი ოფიციალური თანამდებობის პირებს.
მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტს მთავრობის 2023 წლის 9 აგვისტოს განკარგულებით უარი ეთქვა 2023 წლის 27-29 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტის განხორციელებაზე. თუმცა ის პირი, ვისაც უნდა შეხვედროდა, უმაღლესი წარმომადგენელი, ბულგარეთის პარლამენტის თავმჯდომარე, შეხვდა პრეზიდენტს თბილისში.
არცერთ ეტაპზე ეს არ განხილულა როგორც კონსტიტუციის დარღვევა, არავის არ უთქვამს და არ დაუყენებია ეს არც მთავრობას კითხვის ნიშნის ქვეშ", - განაცხადა ჩუგოშვილმა.