თამარ ჩუგოშვილი კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორია. მიჭირს წარმოდგენა, თავისივე მხარდაჭერილი მუხლის დარღვევას როგორ დაასაბუთებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„როგორც წინასწარი განცხადებებიდან ჩანს, ვფიქრობ, პრეზიდენტის მხარის პოზიცია იქნება, რომ კონსტიტუციურ დარღვევას დიდი პოლიტიკური კონტექსტი აქვს. არ ვიცი, როგორ შეიძლება, ეს დარღვევა უარყონ, რადგან მსგავსი განცხადებები უკვე გაკეთებულია. არც არავინ მალავს, რომ კონსტიტუცია დარღვეულია, თითქოს ეს სახელმწიფო ინტერესებისთვის გაკეთდა.
თამარ ჩუგოშვილი ერთ-ერთი ავტორია კონსტიტუციის, სადაც წერია, რომ მთავრობასთან შეუთანხმებლად პრეზიდენტს ვიზიტების საშუალება არ უნდა ჰქონდეს. კონსტიტუციის ასეთი დაზიანება წარმოუდგენელია და მიჭირს წარმოდგენა, თამარ ჩუგოშვილი თავისივე მხარდაჭერილი მუხლის დარღვევას როგორ დაასაბუთებს. მაინც ვფიქრობ, რომ წინ წამოწეული იქნება პოლიტიკური კონტექსტი, ვითომდა სახელმწიფოს ინტერესებით. სალომე ზურაბიშვილს იგივე ლატვიის ლიდერებთან შეხვედრა ღირსების საგნად თუ მიაჩნდა, ვფიქრობ, საკანონმდებლო ორგანოსთან შეხვედრას თაკილობს. ამ შემთხვევაში, ღირსება უფრო მაღალი კატეგორიაა, ვიდრე ამპარტავნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვა მიმდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი არიან.