პრეზიდენტს ვურჩევდი, კაპიტანი გიგაურის და სხვებისგან კი ნუ მიიღებს რჩევას, პატივი სცეს საკუთარ ქვეყანას, ხალხსა და კონსტიტუციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილმა რატომღაც გადაწყვიტა, ღიად, საჯაროდ დაპირისპირებოდა საქართველოს კონსტიტუციას, მთავარ კანონს. არამცდაარამც არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ეს არის ცალკე აღებული კანონთა კრებული, არამედ ეს არის ქვეყნის ღირსება, სუვერენიტეტი და ზოგადად, ქვეყნის ინტერესები დევს კონსტიტუციაში. ვალდებული ვართ, პატივი ვცეთ ყველაზე მთავარ კანონს, რომელსაც კონსტიტუცია ჰქვია. ამ ყველაფრის გარანტი ერთ-ერთი პირველი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ როდესაც ქართველი ხალხი, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებაც ხედავს, რომ პრეზიდენტს ღია ომი აქვს გამოცხადებული და პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება კონსტიტუციის დარღვევა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიქნებით გულგრილი ამ ფაქტის მიმართ. ეს იქნებოდა ერთგვარად თანამონაწილეობა. წარმოუდგენელია, ვიყოთ თანამონაწილეები კონსტიტუციის დარღვევაში, პრეზიდენტთან თანაზიარი. აქედან გამომდინარე, სრულიად ნათელი, ცალსახაა, რომ ამას მოჰყვება რეაგირება. უმარტივესი „ქეისი“ დევს დღეს განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე. ვფიქრობ, ასე ზედაპირზე არცერთ „ქეისთან“ მიმართებით არ ჰქონია სასამართლოს მტკიცებულებები. შესაბამისად, პრეზიდენტს ვურჩევდი, კაპიტანი გიგაურის და სხვებისგან კი ნუ მიიღებს რჩევას, უპირველეს ყოვლისა, პატივი სცეს საკუთარ ქვეყანას, ხალხსა და კონსტიტუციას“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.