ომისა და ღალატის პარტიის წარმომადგენლებს უნდათ, ახალგაზრდებს გაუგზავნონ სიგნალი, ცდილობენ, რაღაც ტყუილებზე დაფუძნებული აღქმებით ჩართონ საპროტესტო მოძრაობებში და ამ მუხტის აწევაში შეუწყონ ხელი, ახალგაზრდები დარაზმონ ამისათვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტი გრიგორიადისს შეიწყალებს, ისიც ამ სიგნალის თანამონაწილე იქნება.
„გრიგორიადისის მხარდაჭერა და მისი გათავისუფლების მცდელობა არის სიგნალი, ერთგვარი მესიჯი ახალგაზრდების კრიმინალში ჩართულობის კუთხით და იმისთვის, რომ ასეთი ჩართულობის შემთხვევაში, ისინი არ დაისჯებიან. აი, ეს სიგნალი უნდა, რომ გააგზავნოს იმ მავნებლურმა ძალამ, რომელსაც საქართველოში ოპოზიცია ჰქვია. საქართველოს ოპოზიციის მთლიან სპექტრს, რა თქმა უნდა, არ ვეხები, რადიკალური, ომისა და ღალატის პარტიის წარმომადგენლებს ვგულისხმობ, რომელთაც უნდათ, ახალგაზრდებს გაუგზავნონ სიგნალი, ცდილობენ, რომ რაღაც ტყუილებზე დაფუძნებული აღქმებით ჩართონ საპროტესტო მოძრაობებში და ამ მუხტის აწევაში შეუწყონ ხელი, ანუ ახალგაზრდები დარაზმონ ამისათვის. შესაბამისად, სიგნალი და მესიჯი გაუშვან მათთან, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი პოლიციელის ცოცხლად დაწვას მოინდომებს, „მოლოტოვის კოქტეილს“ გამოიყენებს პროტესტის გამოხატვის ფორმად, ამ შემთხვევაშიც კი შესაძლებელია, ეს ადამიანი თავისუფლებაში იყოს და თუ ამას საქართველოს პრეზიდენტი უზრუნველყოფს, ბუნებრივია, ისიც თანამონაწილე იქნება ამ სიგნალის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.