საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოს ინტერესებს დიდი ხანია, არ იცავს და არ მუშაობს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ამის შესახებ თეა წულუკიანმა ბრიფინგზე ისაუბრა.
მას ასევე ჰკითხეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებაზე, რომელშიც მან საქართველოს პრეზიდენტზე თქვა, რომ მას პოლიტიკური შიზოფრენია აქვს, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „რუსეთს თუ არ გააჩერებენ უკრაინაში, ვლადიმერ პუტინი თავს დაესხმება ბალტიის ქვეყნებს ან საქართველოს“.
თეა წულუკიანის თქმით, შეიძლება, თავად უფრო მეტსაც ფიქრობდეს საქართველოს პრეზიდენტზე, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოს პრეზიდენტს ასე ახასიათებს.
„რაც შეეხება კარასინის განცხადებას, ღიად უნდა გითხრათ, რომ პირადად არ მომისმენია, ამიტომ იმის მიხედვით გპასუხობთ, რაც თქვენ მითხარით და იმედი მაქვს, ეს სწორად არის გადმოცემული და მან ასე თქვა. მან თუ ეს ნამდვილად ასე თქვა, ჩემი პასუხი შემდეგია, რომ მე შეიძლება, უფრო მეტსაც ვფიქრობდე საქართველოს პრეზიდენტზე, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც უცხო ქვეყნის და სახელმწიფოს წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს ასე ახასიათებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.