ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ვერანაირ არეულობას ვერ შეიწყნარებს. ასეთი არეულობა არ იქნება დაშვებული და ვერც ვერავინ შეძლებს ამ არეულობის წარმატებით განხორციელებას, აქ არ არის მორყეული სახელმწიფო და არც მორყეული ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
წულუკიანის თქმით, არსებობს კითხვები, რომლებსაც პასუხები უნდა გაეცეს, მათ შორის ლეგიტიმური კითხვაა, რატომ ხდება ამერიკის შესაბამისი ორგანიზაციის მხრიდან ამგვარი დანაშაულის თუ დანაშაულის მცდელობის არაპირდაპირ, სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით დაფინანსება.
„ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ დღეს არა მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება და ბრიფინგი, არამედ კონკრეტული მტკიცებულებები, ვიდეო და აუდიოფაილების სახით, სადაც ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენც მათთან ერთად მოვისმინეთ, რომ ვიდეოში კონკრეტული პირები ატარებენ ტრენინგს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და სხვებს ასწავლიან, როგორ უნდა ჩამოაყალიბონ საპროტესტო მუხტი, შემდეგ ეს მუხტი გარდაქმნან რევოლუციად და ჩამოაგდონ არსებული ხელისუფლება. ეს არის მტკიცებულება, რომელსაც ვერავინ გაექცევა. კარგია, რომ გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და ჩვენ ახლა უნდა დავსვათ კონკრეტული კითხვები საზოგადოების სახელით, მთავრობისა და ჩვენი სახელმწიფო ინტერესის სახელით: როგორ ხდება, რომ, USAID-ის დაფინანსებით, აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტს ჩამოჰყავს ის პირები, ვინც ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციის“ დაგეგმვაში იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში, სერბეთში, ქართული „კმარას“ ანალოგს ხელმძღვანელობდნენ და რისთვის არის ამერიკელი გადასახადის გადამხდელი მოქალაქეების ფული დახარჯული ჩვენს ქვეყანაში? ეს კითხვები ლეგიტიმურია და მას პასუხები სჭირდება. ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე შემდეგია: ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ვერანაირ არეულობას ვერ შეიწყნარებს. ასეთი არეულობა არ იქნება დაშვებული და ვერც ვერავინ ამ არეულობის წარმატებით განხორციელებას ვერ შეძლებს. ყველა იმ ახალგაზრდას, ახალგაზრდის მშობელს კი მინდა, ვუთხრა, ახლა თავი უნდა შევიკავოთ ყველანაირ ამგვარ პროექტში ჩართულობისგან, ვინაიდან ეს არ კეთდება ახალგაზრდებისა და ჩვენი ქვეყნის მომავლის სიკეთისთვის და რომ ყველას მხრიდან საჭიროა სიფრთხილე, რადგან ყველანაირი ტიპის არეულობა, არეულობის მცდელობა მიმართულია იქითკენ, რომ კიდევ, სულ მცირე, 50 წელი დაკარგოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ ახალგაზრდებს აერიოთ ის ცხოვრება, რასაც ცდილობენ, რომ დაალაგონ და ჰქონდეთ უკეთესი მომავალი. ამიტომ სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ ყველას, ვეუბნებით ყველას, რომ მკაცრი პასუხი გაეცემა ყველას, ვინც ამაში მონაწილეობდა და ვსვამთ კითხვებს, რატომ ხდება ამერიკის შესაბამისი ორგანიზაციის მხრიდან ამგვარი დანაშაულის თუ დანაშაულის მცდელობის არაპირდაპირ, სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით დაფინანსება? ყველა უნდა გაფრთხილდეს, რადგან ვერავითარი არეულობა ამ ქვეყანაში ვერ მოხდება, აქ არ არის მორყეული სახელმწიფო და არც მორყეული ხელისუფლება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.