ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში, როგორც ჩანს, ამერიკელი ხალხის ფული გამოყენებულია, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა, ადამიანების მომზადება არეულობისთვისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგთან და გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.
მისი თქმით, USAID-მა გააკეთოს განმარტება, რატომ მიდის ამერიკელი ხალხის ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციისთვის.
„ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში. როდესაც ჩვენ ვხედავთ, როგორც ჩანს, ამერიკელი ხალხის ფული აქ გამოყენებულია, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა, ადამიანების მიზანმიმართული მომზადება არეულობისთვის და ძალადობის პროვოცირებისთვის. სამწუხაროა, რომ ამაში ჩართულია ამერიკელი ხალხის ფული, ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი განმარტებები გაკეთდეს USAID-ის მხრიდან, რომელიც უკვე მერამდენეჯერ ეხვევა ასეთ სკანდალში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, USAID-ის მხრიდან ამ დრომდე არ გაკეთებულა განმარტება „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით.
„აქამდე ჩვენ ვნახეთ, რომ ე.წ. პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც ISFED-ის მიერ 2020 წელს იყო გამოქვეყნებული და ყალბი შედეგები, რომელიც მაშინ საფუძველი იყო არეულობისა. ჩვენ გავარკვიეთ, ISFED-ის ხელმძღვანელის მხრიდან იყო ნათქვამი, რომ მისმა დონორმა, USAID-მა იცოდა შედეგები, რომელიც საჯაროდ ვრცელდებოდა, იყო ყალბი და ამას ქართველ ხალხს უმალავდა. არ ეუბნებოდა, არც ხელისუფლებას და არც ქართველ ხალხს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ის ჩრდილი, რომელიც მიადგა ამერიკულ დახმარებას საქართველოს მიმართ, ამაზე დღემდე არ გაუკეთებია განმარტება USAID-ის წარმომადგენლობას, თუ რატომ უმალავდნენ ქართველ ხალხს, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო ყალბი, ხედავდნენ, რომ არეულობის საფუძველი იყო ეს და ახლა გააკეთონ განმარტება იმაზე, რატომ მიდის ამერიკელი ხალხის ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციის, ჯგუფების მომზადებისთვის, რომელთაც არეულობები უნდა დაგეგმონ და ძალადობის პროვოცირება უნდა მოახდინონ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.