სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა მთიან ყარაბაღში რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დაცვის მოთხოვნით. ამის შესახებ ნათქვამია სასამართლოს პრესრელიზში.
სარჩელის ავტორები მიუთითებენ, რომ აზერბაიჯანმა „თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ზომებისგან, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მისი ვალდებულებების დარღვევა“ ამ კონვენციის ფარგლებში. სომხეთი სასამართლოს სთხოვს, დაავალდებულოს ილჰამ ალიევის მთავრობა, მისცეს ყველას შესაძლებლობა დატოვოს მთიანი ყარაბაღი, უზრუნველყოს გაეროს და წითელი ჯვრის წარმომადგენლების ხელმისაწვდომობა რეგიონის სომხურ მოსახლეობასთან და დაეხმაროს კომუნალური სისტემის აღდგენას.
ერევანი ასევე ითხოვს ბაქოსგან, აღიაროს მთიანი ყარაბაღის ხელისუფლების მიერ გაცემული სამოქალაქო სტატუსის მოწმობები და თავი შეიკავოს გაუქმებული რესპუბლიკის ამჟამინდელი ან ყოფილი პოლიტიკური წარმომადგენლების ან სამხედრო პერსონალის მიმართ სადამსჯელო ზომების მიღებისგან.
გარდა ამისა, სომხური მხარე ითხოვს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა დატოვონ მთიანი ყარაბაღის სამოქალაქო ობიექტები, ასევე დაჟინებით მოითხოვს რეგიონში სომხური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დანგრევის აკრძალვას.