მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ თქვა, რომ ფრენებს აღადგენს, ჩვენ ამას მივესალმეთ, ვთქვით, რომ ეს კარგი ნაბიჯია, იმიტომ რომ რაც წაადგება ჩვენს ხალხს, ქვეყანას კარგია და ეს ღიად გავაკეთეთ, ფარულად არ გაგვიკეთებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელშიც მან თქვა: „ჩვენ ვხედავთ, რომ თბილისში, ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობის ნორმალიზებით, უბრალო მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მაინც. ხალხს უნდა ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთმანეთთან სტუმრობა. ორივე ქვეყანაში ტურისტებად ჩასვლა და ბიზნესის წარმოება, რომელიც ტრადიციულად აკავშირებდა ჩვენს სამეურნეო სისტემებს. ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების აღდგენაზე და გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის“.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ლავროვის განცხადება იყო ფაქტის დადასტურება და ამაში სასკანდალო არაფერია.
"ძალიან მარტივად არის საქმე, მაგას პატარა ბავშვიც მიხვდება. ჯერ ერთი, მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება, უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა, ახლა, დღეს რაც თქვა ბატონმა ლავროვმა, ეს არის ფაქტის კონსტატაცია. რა თქმა უნდა, მოხდა გაფორმება ამ შეთანხმების საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო ბუნებრივია თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და კომპანიებს, ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა არის ამაში გაუგებარი? რა სკანდალი ნახეთ ამაში? რა აღმოაჩინეთ?
მანამდე, თქვენ მოისმინეთ რუსეთის პირველი პირის, ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება, რომ ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება. დღეს რა განცხადებაც გაკეთდა, ეს არის ფაქტის დადასტურება, რომ შეთანხმება მოხდა მთავრობასთან. ჩვენ ეს ფარულად არ გაგვიკეთებია. მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ თქვა, რომ ფრენებს აღადგენს, ჩვენ ამას მივესალმეთ, ვთქვით, რომ ეს კარგი ნაბიჯია, იმიტომ რომ რაც წაადგება ჩვენს ხალხს, ქვეყანას კარგია და ეს ღიად გავაკეთეთ, ფარულად არ გაგვიკეთებია.
არავითარი რაიმე ტიპის ფორმალური მოლაპარაკებები, მითუმეტეს მთავრობის სახელით, არ გამართულა. ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ ჩვენმა მთავრობამ ასე ვთქვათ დაამოწმა და მოიწონა და გააფორმა. საქართველოს მთავრობის სახელით, მე გიდასტურებთ, რომ მთავრობის სახელით, არავის ჩემი, მთავრობის სახელით არავის ფორმალური მოლაპარაკება ამ საკითხზე არ გაუმართავს, ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება. ეს არის ჩემი პასუხი, მე მგონი, აქ კითხვები ამოწურულია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.