სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება ამხილა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იმ განცხადებაზე, რომელშიც სერგეი ლავროვმა აღნიშნა: „ჩვენ ვხედავთ, რომ თბილისში, ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობის ნორმალიზებით, უბრალო მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მაინც. ხალხს უნდა ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთმანეთთან სტუმრობა. ორივე ქვეყანაში ტურისტებად ჩასვლა და ბიზნესის წარმოება, რომელიც ტრადიციულად აკავშირებდა ჩვენს სამეურნეო სისტემებს. ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების აღდგენაზე და გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის“.
დეკანოიძის თქმით, მხილებები გაგრძელდება, რაც გულისხმობს, რომ არის ძალიან სერიოზული საბოტაჟი და საგარეო პოლიტიკური კურსის სერიოზული ცვლილება საქართველოს ხელისუფლების მიერ,
„23 მაისს გავაკეთე განცხადება, სადაც საქართველოს ხელისუფლებას ღიად ვკითხე და საზოგადოებას ვუთხარი, რომ არსებობს ფარული მოლაპარაკებები, შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის, რაზეც ხელისუფლებისგან პასუხი ვერ მივიღეთ. როგორც დღეს აღმოჩნდა, ლავროვის ხელისუფლებას, კრემლს პირდაპირი კავშირი აქვს ღარიბაშვილის ხელისუფლებასთან, რაც არის ზუსტად იმის დადასტურება, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, ღარიბაშვილის, ფარცხალაძის და „ფეესბეს“ სხვა აგენტების მიერ, მათი დახმარებით ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, საქართველო გადააქციოს რეგიონში რუსეთისთვის ერთადერთ პლატფორმად. გეოპოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, რუსეთის გავლენა რეგიონში ძალიან შემცირებულია და პრაქტიკულად აღარ არსებობს. მაშინ, როდესაც ევროკავშირი განიხილავს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ქართველი ხალხის დამსახურებით, შესაძლებელია, კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ლავროვი ამხელს საქართველოს ხელისუფლებას. მხილებები გაგრძელდება, რაც გულისხმობს, რომ არის ძალიან სერიოზული საბოტაჟი და საგარეო პოლიტიკური კურსის სერიოზული ცვლილება საქართველოს ხელისუფლების მიერ, რომელიც ლავროვმა დაადასტურა. ეს არის არათავსებადი საგარეო პოლიტიკურ კურსთან, რომელიც საქართველოს უნდა ჰქონდეს ევროატლანტიკური მისწრაფებების გამო. ეს კურსი ჩაწერილია ჩვენს კონსტიტუციაში. ამ შეთანხმების ლოგიკური შედეგი კი ფრენების აღდგენაა. ლოგიკა მხოლოდ ერთია, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, საქართველო გახდეს ერთადერთი პლატფორმა რუსეთისთვის რეგიონში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.