ლავროვის განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქვეყანას ივანიშვილის სახით ჰყავს კრემლის ფილიალის წარმომადგენელი, - ამის შესახებ განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.
ირაკლი ნადირაძე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელშიც აღნიშნა:“ ჩვენ ვხედავთ, რომ თბილისში, ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობის ნორმალიზებით, უბრალო მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მაინც. ხალხს უნდა ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთმანეთთან სტუმრობა. ორივე ქვეყანაში ტურისტებად ჩასვლა და ბიზნესის წარმოება, რომელიც ტრადიციულად აკავშირებდა ჩვენს სამეურნეო სისტემებს. ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების აღდგენაზე და გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის“.
ირაკლი ნადირაძის თქმით, დადსტურდა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა არა ბიზნესი, არამედ ხელისუფლება.
„ფაქტია, რომ ლავროვის განცხადებით დადასტურდა, რომ ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა არა ბიზნესი, არამედ უშუალოდ რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მთავრობა და ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ამ ქვეყანას ივანიშვილის სახით ჰყავს კრემლის ფილიალი წარმოდგენილი და „ქართული ოცნება“, როგორც „ეძინაია რასიას“ ფილიალი, ათბობს რუსეთთან ურთიერთობას საქართველოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.