დაველოდოთ ნიკა მელიას მომავალ პოლიტიკურ საქმიანობას, ასევე რიცხვს, რომელიც მან დააანონსა და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კირკიტაძეს კითხვა დაუსვეს ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს: „7 ოქტომბერს თბილისში ვიკრიბებით თანამოაზრეები მთელი ქვეყნიდან და ვიმსჯელებთ მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. არ გამოვრიცხავ, სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და ღირსეულად დავშორდე“.
კირკიტაძის თქმით, დღეს მნიშვნელოვანია ერთობა.
„ყველას ვურჩევდი, დაველოდოთ 7 ოქტომბერს, რიცხვს, რომელიც მან დააანონსა. ასევე მის მომავალ პოლიტიკურ საქმიანობას და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები. ჩვენ ხშირად გვახსოვს და გვინახავს არაერთი პოლიტიკოსის და ექსპერტის შეფასებები, რომელიც არ ხდება ხოლმე და ხშირ შემთხვევაში, მცდარია. ნაადრევი შეფასებებისგან თავს შევიკავებდი.
პერსონალურად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, დღეს მნიშვნელოვანია ერთობა და ერთობლივი ძალისხმევა იმისკენ იყოს მიმართული, რომ ბრძოლა გვქონდეს „ქართულ ოცნებასთან“, რომლის ყოველდღიური საქმიანობა გვაკარგვინებს ევროპულ პერსპექტივას და ჩვენს ქვეყანას საქართველოს მოქალაქეებისგან ცლის. 7 ოქტომბრის გეგმებთან დაკავშირებით მოგვიანებით აუცილებლად გეტყვით. ჩემთვის ამ რიცხვის შესახებ, რომელიც დასახელებული იყო ნიკა მელიას მიერ, გუშინ გახდა ცნობილი და ახლა არ შემიძლია, პასუხი გაგცეთ. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალს და ახლო წარსულს, გინახავთ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლაც, პარტიაში დაბრუნებაც, „ნაციონალური მოძრაობა“ გინახავთ კოალიციაშიც, ოპოზიციაშიც, ხელისუფლებაშიც და შემდეგ კიდევ ოპოზიციაში. ვნახოთ, დრო ყველაფერს გვიჩვენებს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.