საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
საუბარი შეეხო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში შეტანილ ცვლილებას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილების განხორციელების მიზანი საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის სრულყოფა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამის განახლების აუცილებლობას.
“ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ევროკავშირის ელჩთან. დეტალურად ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ რეგულაციაზე. დავაფიქსირეთ, რომ განხორციელებული ცვლილება ემსახურება სანქციების უნაკლო და საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სანქციების შესრულების ერთგული რჩება. რასაკვირველია, ელჩს კითხვები ქონდა ამ გადაწყვეტილებაზე, რაზეც ჩვენი მხრიდან დეტალური განმარტება მიიღო.
ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე, იმაზე თუ რა გამოწვევები არსებობს ამ ეტაპზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანმშრომლობას შეეხო. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.