პრეზიდენტი გავიდა კონსტიტუციიდან, არ ემორჩილება კანონს და ამ არეული საკითხის დალაგება იმით შეუძლია, რომ დაუბრუნდეს თავის კონსტიტუციურ ჩარჩოებს და პატივი სცეს საქართველოს კანონმდებლობას, შეწყვიტოს ეროვნულ ბანკზე ზეწოლა და ჟანტაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„არეული საქმიდან კარგი შედეგი არასდროს გამოდის. ეს საკითხი პრეზიდენტმა არია, გავიდა კონსტიტუციიდან, არ ემორჩილება კანონს და ამ არეული საკითხის დალაგება იმით შეუძლია პრეზიდენტს, რომ დაუბრუნდეს თავის კონსტიტუციურ ჩარჩოებს და პატივი სცეს საქართველოს კანონმდებლობას. ეს არის ერთადერთი შედეგი, თორემ ამას დომინოს ეფექტი აქვს – იქ, სადაც პრეზიდენტი თავს უფლებას აძლევს, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგოს, შემდეგ სხვებიც გამოჩნდებიან, ვინც ამ ინტერპრეტაციების გაკეთების უფლებას საკუთარ თავს მისცემენ. ამიტომ, არის განსაკუთრებით პრეზიდენტის სიმბოლური როლი სწორედ იმაში, რომ ის უნდა იყოს მაგალითი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის პატივისცემის. როცა პრეზიდენტი ამის მაგალითი არ არის, უკვე სხვებიც აძლევენ თავს იმის უფლებას, რომ სხვანაირად შეხედონ საკითხს. გამოსავალი ერთ რამეშია – პრეზიდენტი დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს. აქ ვგულისხმობ იმას, რომ შეწყვიტოს ეროვნულ ბანკზე ზეწოლა და ჟანტაჟი, რომ ამ ინსტიტუციას არაეფექტურს გახდის, თუ არ დაემორჩილება მის ნებას და ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რომელსაც პრეზიდენტი თვლის სწორად თუ საჭიროდ. პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებზე თავდასხმა უნდა შეწყვიტოს, რადგან ძალიან არასწორ განცხადებებს აკეთებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.