საქართველო იყო, არის და რჩება საერთაშორისო სანქციების ერთგული, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა რჩება საერთაშორისო სანქციების ერთგული. აქ საუბარია, როგორ დავხვეწოთ აღსრულება ისე, რომ კითხვაც კი არ გაჩნდეს მომავალში და სასამართლო პრაქტიკაც არ გაჩნდეს ისეთი, რომელიც ამაში ხელს შეგვიშლის“, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, სანქციების პრაქტიკა ახალი რეალობაა, ხვალ და ზეგ არ დასრულდება და უახლოესი წლების განმავლობაში იარსებებს, რაც შეიძლება, გაფართოვდეს, ან შეიცვალოს.
„დღეს სანქციების მიმღები არის ევროპული ქვეყნები, აშშ და ა.შ. მაგრამ თეორიული შანსი დავუშვათ, რომ ხვალ, რაღაც ახალი გეოპოლიტიკური მოვლენიდან, სხვა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, რომელიმე სხვა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ასევე მიიღებს სანქციებს, რომელსაც საქართველო გადაწყვეტს და მიუერთდება. პირობითად, ძალიან თეორიული მაგალითი ავიღოთ, რომ ინდოეთი ან თურქეთი მიიღებს სანქციებს და ხომ შეიძლება ისე მოხდეს, მიზანშეწონილი იყოს, ამ სანქციებს ჩვენც მივუერთდეთ? წარმოიდგინეთ, ასეთ დროს რა ხდება. ჩვენ თუ გავაგრძელეთ სანქციის ეს ე.წ. ბლანკეტური, ანუ მექანიკური, ავტომატური აღსრულება, ისე, რომ ჩვენთან ადგილზე არც მოკვლევა გაკეთდა, არც ჩვენი სამართალწარმოებით გათვალისწინებული პროცედურები ჩატარდა, არც დასაბუთება მოვიპოვეთ, არც სასამართლო განხორციელდა დ ასე ავტომატურად აღვასრულეთ, როგორც, დავუშვათ, აქამდე ხდებოდა, გამოდის, რომ სულ უფრო მეტი და მეტი სახელმწიფოს მიმართ, პრაქტიკულად, უნდა დავთმოთ ჩვენი სამართალწარმოების სუვერენული უფლება. ანუ, სხვა ქვეყნის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე გაკეთებულ დასკვნებზე დაყრდნობით, პრაქტიკულად, ბრმად უნდა მოვთხოვოთ ჩვენს საფინანსო სისტემას, რომ მან აღასრულოს ეს ისე, რომ ჩვენი კანონმდებლობა, პრაქტიკულად, განზე დარჩება ამ პროცესიდან. ეს ძალიან ბევრ კითხვას უკვე იწვევდა, ძალიან ბევრ კითხვას გამოიწვევდა მომავალში და ჩვენ ამის პრევენცია გავაკეთეთ“, – განაცხადა თურნავამ.