პრეზიდენტის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ არის სიბრიყვე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალსიტებს განუცხადა.
„ვიქნები მაქსიმალურად თავშეკავებული და კორექტული პრეზიდენტის მისამართით მაინც. ყველაზე მცირე, ის არის შეცდომაში შესული. თვითონ თუ გადაწყვიტა, ვინმემ თუ ურჩია – არ ჰგავს ეს მისი კეთილისმსურველის რჩევას, უფრო არის სიბრიყვე. განმარტება, რაც თქვა, თითქოს იმისთვის, რომ ფარცხალაძემ პასუხი აგოს, აუცილებელია საქართველოს მოქალაქეობა, სისულელეა. მით უმეტეს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ჯერ კიდევ გაუშიფრავი ჯაშუშები, უფრო მაღალი რანგის, ვიდრე ფარცხალაძე იყო. იცით თქვენ, რომ ჯაშუში ჯაშუშის ტყავს არ დახევს. არანაირი გამოძიება საქართველოში არ იქნება. ცუდია, რომ პრეზიდენტი ამას ვერ ხვდება და დროზე გამოასწოროს ეს შეცდომა“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, არანაირი პოლიტიკური მიზანშეწონილობა არ დგას საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა.
„არ ვიცი, მიზანი რა არის, რას ემსახურება ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის დატოვება. ეს ნიშნავს, რომ დარჩეს ქართულ იურისდიქციაში და მაქსიმალურად დააფარონ ხელი ღარიბაშვილმა და კობახიძემ. არ ვიცი, პრეზიდენტი კონსტიტუციაში როგორ ერკვევა, რამდენად კარგად იცნობს კონსტიტუციას, მას ჰყავს მრჩეველები. ვინც მას ეს უთხრა, არის, ყველაზე მცირე, ბრიყვული რჩევა და უფრო შორს თუ წავალთ, ეს ჰგავს, შეიძლება, ხელისუფლების პროვოკაციას, რომ ისეთი გარემოცვაა პრეზიდენტის ირგვლივ, რომელზეც გავლენა აქვთ კობახიძესა და ღარიბაშვილს.
მოქალაქეობა არაფერ შუაში არ არის, კობახიძის განმარტებაც კი აბსურდულია. ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, ყველა ის უფლება, გარდა საარჩევნო და კონკრეტული უფლებებისა, რომელიც აქვს საქართველოს მოქალაქეს, ავტომატურად ვრცელდება საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც. ის რეგულაციაც სისულელეა, რაც ეროვნულმა ბანკმა გამოსცა, რადგან ეს გამონაკლისი უცხოელზე არ ვრცელდება, მაშინ გამოდის, რომ ყველა რუსი დასანქცირებული პირი ჩამოვა და კობახიძემ ყველა ჯაშუშს მოუწყო ერთგვარი სამოთხე საქართველოში, ყველა სანქცირებულს. ამიტომ ვამბობ, შეცდომაშია შესული. მაქსიმალურად კორექტული ვარ და უფრო მეტიც შემიძლია, ვთქვა, მეტსაც ვფიქრობ, მაგრამ არ ვლაპარაკობ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.