„ვახტანგ, ვიცი რა ხათაბალა საქმე გაბარია, შინაგან საქმეთა მინისტრი ხარ, ამიტომ, შეიძლება დაგავიწყდა, რომ კიდევ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი თანამდებობა გაქვს - სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ბრძანდები. ამიტომ, ვერანაირად ვერ მივიღებ აქ პასუხებს, რომ რაღაც საკითხი შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ეხებოდა იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტროს საქმეა, ეს გეოგრაფების და ჰიდროლოგების საქმეა და ა.შ “, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის დროს.
როგორც მან აღნიშნა, ცოდნა, ექსპერტიზა და გამოცდილება თავს უნდა იყრიდეს უსაფრთხოების საბჭოში.
„უსაფრთხოების საბჭოში სიტუაციების ოთახი ამიტომ გვაქვს. ბრიტანელებმა იმიტომ „ჩაასხეს“ ამდენი ოფლი და ფული, რომ ჩვენც გვქონოდა ცივილიზებული სისტემა იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს თანამდებობის პირების შეკრება და გადაწყვეტილებების მიღება. ამას ჩვენ ვერ ვხედავთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ასეთ ვითარებაში ძალიან გასაოცარია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომელ მხარეს ან რომელ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდნენ იმის ყურება და მოსმენა რაც ხდება შოვის ტრაგედიის შემდეგ.
„საქართველოს მოქალაქეს უნდა ხედავდეს სახელმწიფოს, ქვეყნას, სისტემას, რომელიც ასეთი ტრაგედიებიდან სწავლობს რაღაცას, იღებს გამოცდილებას, გაკვეთილებს და ემზადება იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ შემცირდეს სტიქიური უბედურების გავლენა ადამიანების სიცოცხლეზე და ქვეყანაზე. ამის მოლოდინი აქვს მოქალაქეს!“ - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.