ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის განცხადებით, შავი ზღვის ფლოტის შტაბბინაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
მისი თქმით, ქალაქის ცენტრში, ლუნაჩარსკის თეატრთან რაკეტის ნამსხვრევები ჩამოცვივდა.
ამასთან, გავრცელებული ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად ნამსხვრევები ასობით მეტრზე გაიფანტა.
რაზვოჟაევის თქმით, ქალაქის ცენტრში არავის უშვებენ და გზები გადაკეტილია.
მანამდე გავრცელდა ცნობები, რომ ანექსირებულ სევასტოპოლში სამი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.
პარალელურად, უკრაინული მედია წერს, რომ რუსმა სამხედროებმა სევასტოპოლის ყურეზე კვამლის საფარი გაუშვეს, თუმცა ტერიტორიაზე შავი კვამლიც შეინიშნება.
მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.