სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს ოპოზიციური ძალა, რომელსაც შეუძლია, მშვიდობიანი არჩევნების პირობებში კონკურენცია გაუწიოს მმართველ პარტიას, „ნაციონალური მოძრაობის“ პერსპექტივა მოშლილია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე განაცხადა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამი დღის წინ რის შესახებაც ილაპარაკა, უმალვე დაადასტურა რამდენიმე ადამიანმა ოპოზიციიდან. უნდა აღინიშნოს, რომ კუბილიუსმა თავისი განცხადებით წინასწარი დასტური მოახდინა, შემდეგ ეს განაგრძო მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილი, რომელიც დღეს არ არის საქართველოს მოქალაქე და მსჯავრდებულია დანაშაულებში, აანონსებს რაღაც საკითხების თავისებურად დალაგებას. ეს არის 100%-იანი დასტური, როდესაც მისი განცხადება სიტყვა-სიტყვით ემთხვევა იმას, რის შესახებაც სუს-ი ლაპარაკობდა. ამისგან ვერ იკავებს თავს.
ვფიქრობ, უკვე მტკიცებულებების წარსულიდან მოტანაც აღარ გვჭირდება. რისთვისაც ჩამოვიდა სააკაშვილი, რისთვისაც შემოიპარა კონტეინერით, რისთვისაც იყო მისი დაცვის წევრი ჩამოსული – ეს ყველაფერი არის წარსულიდან მტკიცებულებები იმისა, რასაც სუს-ი ლაპარაკობდა. თავად სააკაშვილმაც არ დააყოვნა და მყარი დასტური მისცა სუს-ის განცხადებას, რომელშიც რევოლუციური სცენარი იყო აღწერილი. მათი ოცნებაა, ხელისუფლება გადაიბარონ ამ გზით. ერთ რამეში არიან ზუსტად დარწმუნებული, რომ ვერანაირი მშვიდობიანი გზა ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შეცვლას, რადგან, სამწუხაროდ, დღეს კონკურენტი არ არსებობს. ეს კარგი არ არის. სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს ოპოზიციური ძალა, რომელსაც შეუძლია, მშვიდობიანი, დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების პირობებში კონკურენცია გაუწიოს მმართველ პარტიას. ეს არის ძალიან ცუდი. ჩვენ უნდა ველოდოთ, ვიდრე ასეთი პარტია არ შეიქმნება, არ იქნება საღი პარტია. წარსულის ბნელი ცოდვებით დამძიმებული პარტია ვერასდროს გადაიბარებს ხელისუფლებას. „ნაციონალური მოძრაობის“ პერსპექტივა მოშლილია. ამიტომ საქართველოში მათგან დამოუკიდებელი ოპოზიცია თუ იქნება, მას გაუჩნდება შანსი, გადაიბაროს ხელისუფლება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძე.