დედაქალაქის მერმა ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მედიის შეკითხვებს უპასუხა.
კახა კალაძის განცხადებით, ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტის, ფინანსურ და ქონებრივ, ასევე სანქცირების საკითხებს შესაბამისი უწყებები წყვეტენ.
„განმარტებები გაკეთდა ეროვნული ბანკის მიერ. ქალბატონმა ნათია თურნავამ რამდენჯერმე ისაუბრა აღნიშნულთან დაკავშირებით და ყველაფერი ცხადია, რომ პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს სახელმწიფოს, კანონებს და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს.
რაც შეეხება ქონების გადაფორმება-არგადაფორმებას, მე იურისტი არ ვარ, შეიძლება გამიჭირდეს ამ დეტალებში შესვლა, თუმცა როგორც ვიცი, მას ამის უფლება აქვს და აღნიშნული სანქციები მას არ ზღუდავს ამ საკითხში. ეს მას შეეძლო ნებისმიერ დროს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისმა უწყებამ პირველივე დღეებში განაცხადა, რომ დაწყებულია მოკვლევა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.
„ამ მოკვლევის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. სანქციები გავრცელდება და საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს, როგორც სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში.
დაიწყება თუ არა გამოძიება, ამაზე შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განცხადებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ ასევე უპასუხა მედიის შეკითხვას ფარცხალაძის დაცვის მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის თაობაზე და აღნიშნა, რომ ძალადობა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის.