აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები აღდამის რეგიონის მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ბომბავენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული, სხვადასხვა ტიპის იარაღით აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით ინტენსიურად ისვრიან.
მანამდე სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის არმია ყარაბაღში ქალაქ სტეფანაკერტს ბომბავს.
ამასთან, აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ხდება საბრძოლო პოზიციების გაძლიერება პერსონალით, ჯავშანტექნიკით, საარტილერიო დანადგარებითა და სხვა ცეცხლსასროლი იარაღით.