ესაა გამოძიების შედეგები, რომლებიც ეფუძნება შესაბამის მტკიცებულებებს. ამ ყველაფერს საზოგადოებაც ამჩნევდა, ხედავდა, რისკენ მიჰყავს ხოლმე რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გია ლორთქიფანიძე უკვე მეორედ იქნა მხილებული საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებების ორგანიზებაში.
„ეს გამოძიების მიერ მოძიებული ინფორმაციაა და არაა უბრალო ინფორმაცია, რომელიც სუს-ს აქვს. ესაა გამოძიების შედეგები, რომლებიც ეფუძნება შესაბამის მტკიცებულებებს. ამ ყველაფერს საზოგადოებაც ამჩნევდა, ხედავდა, რისკენ მიჰყავს ხოლმე რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოება. არ არის პირველი მცდელობა, რომ დესტრუქციის და არჩევნების გვერდის ავლით მოვიდნენ ხელისუფფლებაში. მნიშვნელოვანია, რომ სუს-მა საზოგადოება ამის შესახებ გააფრთხილა და წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია. მეორე მხრივ, ჩვენ გამოძიების დონეზე კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ გია ლორთქიფანიძე უკვე მეორედ იქნა მხილებული საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებების ორგანიზებაში. ეს ადამიანი, ეროვნებით ქართველი, თავისი სულით და გულით არაქართველი, ცდილობს, საქართველოში არიოს სიტუაცია. დადასტურებით ვიცით, მათ შორის სატელეფონო საუბრებიც გასაჯაროვდა მაშინ, რომ გია ლორთქიფანიძე იყო ორგანიზატორი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარებისა, რომლის ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში არევა, მათ შორის სიტუაციის სისხლისღვრამდე მიყვანა.
აქ ქილიკით საუბრობენ, კარავში ასაფეთქებელი ნივთიერების შეტანა ვის უნდა უნდოდესო, რა, არ ვნახეთ ეს 7-8 მარტს? „მოლოტოვის კოქტეილი“ არ ვნახეთ პირველად საქართველოს ისტორიაში? რა გგონიათ, „მოლოტოვის კოქტეილი“ მართლა კოქტეილია? არის ასაფეთქებელი საშუალება, რომლითაც ადამიანს კლავდა ვიღაცა და ამაზე პარტიების, „ენჯეოების“ მხრიდან რეაქცია იყო ნული, გამართლება იყო მათგან. რამდენიმე „ენჯეომ“, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, მათ შორის „სირცხვილიამ“, კამპანიაც კი მოაწყო, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება. პლაკატზე გამოსახული იყო „მოლოტოვის კოქტეილი“, წარწერით – მე ვესროლე. ანუ, ეს „ენჯეოები“ ამართლებენ, რომ ადამიანს ცეცხლი წაუკიდო. პირდაპირ მიდიან დაპირისპირებაზე, რომ ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში. სამარცხვინოა ზოგიერთი ოპოზიციონერის განცხადება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას და ენდობიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ინფორმაციას. ეს ხალხი ჩამოყალიბდეს, საქართველოს პატრიოტები არიან თუ უკრაინის დაზვერვასთან თანამშრომლობაში მყოფი პოლიტიკოსები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.