უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ზამთრის დადგომამდე რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმს შორის სახმელეთო კავშირის გაწყვეტის ოპერაციას დაასრულებენ. ამის შესახებ ბუდანოვმა გამოცემა The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა. იუწყება „უკრაინსკა პრავდა".
რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევაზე საუბრისას, კირილო ბუდანოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის ძალების მიზანია რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოფიტვა, რუსული სამხედრო ტრანსპორტის და ბომბდამშენების მწყობრიდან გამოყვანა და სამხედრო-სამრეწველო ობიექტების დაზიანება, როგორც, მაგალითად, ეს გასულ კვირაში მოხდა ტვერის ოლქში მდებარე, სარაკეტო საწვავის მწარმოებელ ქარხანაზე დარტყმით.