თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ევროპარლამენტის კრიტიკული მოხსენების საპასუხოდ, განაცხადა, რომ ანკარა საჭიროების შემთხვევაში მზად არის ევროკავშირს დაშორდეს.
ევროპარლამენტის ბოლო ანგარიშის მიხედვით, "არსებულ ვითარებაში გაწევრიანების პროცესი ვერ განახლდება".
ევროპარლამენტარებმა ევროკავშირს თურქეთთან ურთიერთობისთვის "პარალელური და რეალისტური ჩარჩოს" შექმნისკენ მოუწოდეს.
თურქეთის ლიდერს ევროკავშირში გაწერვიანების პროცესზე და ევროპარლამენტის მიერ თურქეთის შესახებ მიღებულ ანგარიშზე ჰკითხეს, რომელშიც ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელებაზეა საუბარი.
„ევროკავშირი თურქეთისგან დაშორებას ცდილობს. ჩვენ შევაფასებთ ამ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია დავშორდეთ ევროკავშირს“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.
თურქეთი 24 წელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ბოლო წლებში შეფერხდა ადამიანის უფლებების დარღვევებისა და დემოკრატიული უკუსვლის გამო.