რუსული სპეცსამსახური ოთარ ფარცხალაძეს ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენისთვის ივანიშვილის ხელით იყენებდა, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე საუბრისას.
ბოკუჩავას თქმით, თუ ივანიშვილი მართლაც არ უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას და დისტანცირდება ბოლომდე გადაწყვეტილების მიღებიდან, სანქციები ივანიშვილამდეც მივა.
„გასაგებია აქ, ვისი ხელით იყენებდა რუსული სპეცსამსახური ფარცხალაძეს ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენისთვის. ეს არის ივანიშვილის ხელი და შესაბამისად, სანქციების გაფართოება გაგრძელდება და მივა მათ შორის ივანიშვილამდეც, თუ ივანიშვილი მართლაც არ უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას, ანუ არ დისტანცირდება ბოლომდე გადაწყვეტილების მიღებიდან," - ამბობს თინა ბოკუჩავა.
აშშ რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს. სანქცირებულ პირთა შორის არის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.