საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, ხალხის ფულის ხარჯზე კიდევ რა თანხები იხარჯებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ.
„სააკაშვილის ხარჯების გასაჯაროებას რაც შეეხება, რთული იყო, წარმოგვედგინა, კიდევ რა შეიძლება ყოფილიყო, გაგვეგო ბიუჯეტის ხარჯზე სააკაშვილის ფუფუნებისკენ მიდრეკილი ცხოვრების შესახებ, მას შემდეგ, რაც აქამდე მოსმენილი გვქონდა, დაწყებული პერსონალურ სამედიცინო მომსახურებაზე, გაგრძელებული საკუთარი შვილის სკოლის ფულის გადასახადის ბიუჯეტიდან გადახდაზე, რაც სამარცხვინო საქციელია. ამის შემდეგ დამატებით აღმოჩნდა ახალი ინფორმაცია. ეს ყველასთვის სიურპრიზი იყო და აქამდე არ იყო ცნობილი, როგორ იყენებდა სააკაშვილი სახელმწიფო თვითმფრინავს და ბიუჯეტის ფულს, რათა პირადი ტურისტული მოგზაურობები მოეწყო ვიღაცების საფლავზე, რაღაც ღირშესანიშნავ ადგილებში. ეს ინფორმაცია ცნობილი როცა გახდა, როგორც ჩანს, თავდაცვის სამინისტრო დაინტერესდა, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ არსებობს გრიფით საიდუმლო დოკუმენტები, რომელშიც სავარაუდოდ ეს მონაცემები არის აღწერილი. შესაბამისად, როგორც ვიცი, თავდაცვის სამინისტრომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ამ გრიფისთვის საიდუმლოს მოხსნასთან დაკავშირებით.
საზოგადოება გაიგებს, რასთან გვქონდა საქმე და შევხედავთ, ჩვენი ხალხის ფულის ხარჯზე კიდევ რით იყო დაკავებული ეს ფუფუნების მოყვარული ადამიანი, დემოკრატიის შუქურა, რომლის რამენაირად ციხიდან გამოხსნას ცდილობს გარედან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი და პოლიტიკური კორუფციით ერთმანეთთან დაკავშირებული ქსელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.