ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო ღია კარში დგას და ორპირ ქარში ყოფნა ძალიან საშიშია, რადგან გაციება იცის.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ეს განცხადება არის იმ მავნებლობის გაგრძელება, რომელიც წლებია ქართულ ოცნებას აქვს, რომ ჩვენზე კი არ არის გადაწყვეტილება დამოკიდებული, არამედ სხვებმა უნდა მიიღონ.
„სწორედ მათი პროპაგანდაა, რომ თითქოს ამასობაში ორ კარში ვდგავართ და ვცივდებით, ანუ ვერ ვართ დაცული და ვერაფერს ვერ ვიზამთ, ამიტომ შესაძლოა უნდა ვეძებოთ სხვა კარი, თავისუფალი სამყარო და ნატო კი არა - ეს არის უსინდისო სიცრუე.
იმისთვის, რომ კარში შეხვიდე და თავისუფალ სამყაროში დაბრუნდე, ძალისხმევა უნდა გაწიო, ხოლო ბარიერი თუ გაქვს, ძალისხმევა უნდა გააორმაგო, როგორც ეს ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქნეს თავის დროზე. ეს რეჟიმი არა თუ ძალისხმევას არ სწევს, არამედ საპირისპიროს აკეთებს და საზოგადოებაში უიმედობას ნერგავს, რომ აქედან არაფერი არ გამოვა. ამიტომ უნდა გამოვცვალოთ ეს რეჟიმი, რაც შეიძლება სწრაფად.“ - თქვა გიგა ბოკერიამ