ყველა პრიორიტეტი თანაბრად მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებით ველოდებით პროგრესს დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის, მედიის თავისუფლების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით დაახლოებით ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება ანგარიში, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება კი, ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ უნდა მიიღოს.
„ყველა პრიორიტეტი თანაბრად მნიშვნელოვანია, თუმცა როგორც მოისმინეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან, ჯოზეფ ბორელისგან, რომელიც რამდენიმე დღის წინ აქ იმყოფებოდა, ჩვენ განსაკუთრებულად ველოდებით პროგრესს დეოლიგარქიზაციის საკითხში, სადაც მთავრობამ უნდა წარადგინოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, ასევე სასამართლო რეფორმის, მედიის თავისუფლების კუთხით. რაც მთავარია, მიაღწიოს იმდენად დიდ პროგრესს, რამდენადაც ეს შესაძლებელია ყველა საკითხში.
რამდენიმე კვირა დარჩენილია ანგარიშის გამოქვეყნებამდე. დაახლოებით ოქტომბრის შუა რიცხვებში ველოდებით და როგორც უკვე ბევრჯერ ვთქვი, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირის ამჟამინდელმა 27-მა წევრმა ქვეყანამ, დეკემბრის ბოლოს უნდა შეიკრიბონ პოლიტიკოსები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და ერთობლივად გადაწყვიტონ. რას ნიშნავს ეს? რომ ევროკავშირის ყველა წევრისთვის გადაწყვეტილება მისაღები უნდა იყოს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.