„ქართულ ოცნებას“ თავიანთი შვილებისთვის საუკეთესო სასწავლებლები ემეტებათ, მზად არიან შვილების სასწავლებლებში წასაყვანად ასობით ათასი ლარი გადაიხდონ ჩარტერულ რეისებში, მაგრამ ჩვენი შვილებისთვის, თქვენი შვილებისთვის, არ ემეტებათ ნორმალური საჯარო სკოლებიც კი, - ამის შესახებ განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დღეს, მეოთხე სკოლასთან, საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ, პარტიის წევრმა ლაშა ტყეშელაძემ და “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა ნანა ტოხვაძემ ბრიფნიგი გამართეს და განაცხადეს, რომ განათლების სამინისტრო სასწავლო წლის დაწყებას მოუმზადებელი ხვდება.
„ხვალიდან დაიწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი სასწავლო წელი და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა, ჩვენს ქვეყანაში არის გაჭირვება და სიღარიბე, უამრავ მშობელს არ აქვს იმის საშუალებაც კი, რომ თავის შვილს ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ერთი ჩანთა და ერთი ხელი ტანსაცმელი უყიდოს. ერთი პრობლემა და ტრაგედიაა, რომ ხელისუფლება ვერ ზრუნავს ამ ადამიანებზე და მათი პრობლემების მოგვარებაზე, მათ დასაქმებაზე და ქვეყანაში ნორმალურ სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შექმნააზე და მეორეა, რომ საქართველოს მთავრობა, განათლების სამინისტრო ამ დრომდე არ არის მზად, ჩვენს შვილებს შესაბამისი გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურა დაახვედროს.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით დადიანის ქუჩაზე, აქ იყო მე-4 საჯარო სკოლა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს იმ პირობით, რომ აქ თანამედროვე, ევროპული ტიპის საჯარო სკოლა უნდა აშენებულიყო, მაგრამ გასულია რამდენიმე წელიწადი, აქ თითი თითზე არ არის დადებული და რა ვხედავთ თუ რა მდგომარეობაშია ტერიტორია, როგორ არის გაჩანაგებული - ამოსულია ბალახები და ნაგავსაყრელად არის ქცეული. ‘
ეს არ არის ერთადერთი სკოლა, ერთადერთი ტერიტორია. ამ რაიონში 5 სკოლაა დანგრეული და ბავშვები გადანაწილებულები არიან სხვადასხვა სკოლებში. ერთის მხრივ ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პრობლემა ბავშვებისთვის და ასევე არის ძალიან დიდი პრობლემა და დისკომფორტი მშობლებისთვის. რა არის მიზეზი, რომ ეს მდგომარეობაა არა მარტო თბილისში, არამედ სხვადასხვა რაიონში ქვეყნის მასშტაბით - ამაზე “ქართულმა ოცნებამ” უნდა გაგვცეს პასუხი. ეს არის არაპროფესიონალიზმის, უნიათობის, მავნებლობის ბრალი, თუ სხვა რაიმეს ბრალი. აქ, მაგალითად, საჯარო სკოლების მაგივრად კორპუსების ჩადგმა უნდათ, ამაზე უნდა გაგვცენ მათ პასუხი.
ეს არის კარგი და ნათელი მაგალითი, როგორ ემეტებათ მათ თავიანთი შვილებისთვის საუკეთესო სასწავლებლები, მათ შორის შვილები სასწავლებლებში რომ წასაყვანად მზად არიან ასობით ათასი ლარი გადაიხადონ ჩარტერულ რეისებში. ჩვენი შვილებისთვის, თქვენი შვილებისთვის, არ ემეტებათ ნორმალური საჯარო სკოლებიც კი,“- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.