თავდაცვის სამინისტრომ სააკაშვილის ხელისუფლების ცვლილებიდან 11 წლის თავზე როცა გაიღვიძა და აღმოაჩინა, თურმე რაღაც უკანონო ხარჯები ყოფილა, ეს აღარც უხერხულია, აღარც სასაცილოა და მით უფრო, სერიოზული არ არის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე, რომლის თანახმად „თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო“.
„მიხეილ სააკაშვილი სახელწიფოს რესურსს „საგულაოდ“ რომ იყენებდა და ქალებს, არა მხოლოდ ქალებს, საკუთარი სიამოვნებისთვის დაატარებდა, ყველამ ვიცით. სააკაშვილი ფადი შაჰივით რომ იქცეოდა, იმიტომაც ვაკრიტიკებდი და გულს მირევდა სახელმწიფოს რესურსების მიმართ მისი დამოკიდებულება, თუმცა არანაკლებ გულისამრევია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაატარა. თან ნაცარს გვაყრის და ვითომც არაფერი, ისე გვეუბნება, რომ პენსიონრებს მუთაქაში 35 ათასი ევრო აქვთ გადაკეცილი. რა თქმა უნდა, ეს თვალებში ნაცრის შეყრაა. სააკაშვილის ხელისუფლების ცვლილებიდან 11 წელი გავიდა და როცა თავდაცვის სამინისტრომ 11 წლის თავზე გაიღვიძა, დაამთქნარა და აღმოაჩინა, თურმე რაღაც უკანონო ხარჯები ყოფილა, ეს აღარც უხერხულია, აღარც სასაცილოა და მით უფრო, სერიოზული არ არის. აქამდე ეძინათ და არ იცოდნენ, რომ 14 მილიონი იყო გაფლანგული? გამოძიება უნდა დაიწყოს როგორც ამ საქმეზე, ასევე ირაკლი ღარიბაშვილის კერძო ვოიაჟზე. ვართ ხალხი, რომელსაც არც სააკაშვილის ფადი შაჰობა მოგვწონდა და არც ირაკლი ღარიბაშვილის დაუფარავი მექრთამეობა მოგვწონს. როდესაც ეს 11 წლის თავზე გაახსენდათ, ნიშნავს, რომ აქვთ არა მართლმსაჯულების აღსრულების, არამედ პოლიტიკური ინტერესი“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.