უნდა ითქვას, რომ შეშინებულია პრეზიდენტი იმდენად, რომ ელჩებს მოუხმო თავისთან, რაღაცები ელაპარაკა, მერე მოუხმო ოპოზიციონერ დეპუტატებს და მათთან ერთად გადის კონსულტაციებს - ვითომ ევროპულ გზაზე, ამ დროს ელაპარაკება იმაზე, რომ მხარი არ დაუჭირონ იმპიჩმენტს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი შეშინებულია, იმიტომ რომ იცის, რაც გააკეთა.
„მან მტკიცებულება დადო, რომ თავად ძალიან კარგად იცის, რომ კონსტიტუციას არღვევს, როდესაც პირადი ხარჯებით წავიდა. ეს ხომ მარტივი ამბავია. თუ მყარად იყო დარწმუნებული, რომ კონსტიტუციას არ არღვევდა, უფლება ჰქონდა მთავრობის ნებართვის გარეშე გამგზავრებულიყო რომელიმე ქვეყანაში, მაშინ ამას გააკეთებდა სახელმწიფო ხარჯით. მაგრამ მტკიცებულებაა ის, რომ რადგან გადაწყვიტა თავისი ხარჯით წასულიყო, ეს იმას ნიშნავს, რომ იცის, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური, თუმცა უკვე ხარჯებთან დაკავშირებით, ამას ემატებოდა, რომ ეს ავტომატურად დანაშაული გახდებოდა და დანაშაული არ გარისკა. სასჯელი მოჰყვება ყველა დანაშაულს დამტკიცების შემთხვევაში. კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში იმპიჩმენტი, სასჯელმა ალბათ შეაშინა, მაგრამ იმპიჩმენტმა ვერა, იმიტომ რომ იცის - 100 ხმა არ გვაქვს. კონსტიტუცია დაარღვია, მერე რა, კონსტიტუციაა, დიდი ამბავი.
თქვენი კოლეგები, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების წარმომადგენლები [ამბობენ]: „კონსტიტუცია დაარღვია, მერე რა, ევროპაში წავიდა კარგი საქმისთვის“. ეს მესიჯბოქსი აქვთ. ჩვენ თუ კონსტიტუციას არ ვეცით პატივი, რომელი სამართლის უზენაესობაზეა ლაპარაკი? პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია - მერე რა. კონსტიტუციის დარღვევა არ უნდა იყოს ამ თავხედური მესიჯით „მერე რა“ გასატარებელი არასდროს. ეს უნდა დავიმახსოვროთ და გვქონდეს ქცევის წესად, თუ გვინდა სახელმწიფო გვქონდეს და ნამდვილად ევროპელები ვიყოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.